ჩემი მოკლული მეგობარი


ეს იყო დღე, როცა საზღვარს გავცდი. ამ დროს ჩავუარე ადგილს, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. სწორედ იქ დავინახე მეგობარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი ერთადერთი მეგობარი, რომელიც... მოკლეს!


დავიხარე და მწუხარებითა და შიშით შევხედე მას. დავინახე მისი ხელები, რომლებიც რკინის უხეში ლურსმნებით იყო გახვრეტილი. მისი ფეხებიც დაგლეჯილი იყო. მისი უსიცოცხლო სახე იმდენად შემზარავი სანახავი იყო, რომ ძლივს გავბედე შემეხედა მისთვის.

მისი სხეული შიმშილით დაუძლურებულიყო, მისი ზურგი სისხლიანი ჭრილობებით იყო დაფარული, და შუბლზეც მრავალი ჭრილობა ჰქონდა: აშკარად ჩანდა, რომ ეს ჭრილობები ეკლებით იყო მიყენებული.


შევკრთი, რადგან საკმაოდ კარგად ვიცნობდი ჩემს მეგობარს. მას არავითარი დანაშაული არ ჰქონია. ის იყო ყველაზე სუფთა, ყველაზე წმინდა.

ვის შეეძლო მისი ასე დასახიჩრება? მას ხომ არავისთვის არაფერი დაუშავებია: მთელი ცხოვრება სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია. ავადმყოფებს კურნავდა, მშივრებს აპურებდა, მკვდრებს აცოცხლებდა: ამ საქმეთაგან რომლისთვის მოკლეს?

ის მხოლოდ სიყვარულს ასხივებდა — და როცა მის მწუხარებით, ტანჯვითა და მაინც სიყვარულით აღსავსე სახეს შევხედე, გაოგნებულმა გავიფიქრე, ვინ იყო ის უბედური, ასე საშინლად, რომ განგმირა მისი ხელები.

ჩემთვის ვთქვი: „სად შეიძლება ცხოვრობდნენ ეს მოღალატეები? ვინ არიან ისინი, ვისაც შეეძლო ასე გაემეტებინა ის?“

მოძალადე, რომ მოეკლათ, კიდევ შევძლებდით მათ პატიებას; რომ მოეკლათ ის, ვინც მხარს უჭერდა ძალადობას ან ბოროტმოქმედებას, შესაძლოა გვეთქვა, რომ მას სამაგიერო მიეზღო; ის რომ მკვლელი ან მეამბოხე ყოფილიყო, რომელმაც აჯანყება მოაწყო, ვიტყოდით: „დამარხეთ მისი ცხედარი: როგორც იქნა, სამართლიანობა აღსრულდა, რაც დაიმსახურა, ის მიიღო.“

მაგრამ, როცა შენ მოგკლეს, ჩემო საუკეთესო მეგობარო, ჩემო ერთადერთო საყვარელო მეგობარო, სად იმალებიან ის მოღალატეები?


ნება მომეცი შევიპყრო. ისინი სიკვდილით უნდა დაისაჯონ! თუ კი შემიძლია გამოვიგონო რამე წამება, მათ უსათუოდ ყველაფერი უნდა იწვნიონ! ო, როგორი ეჭვიანობა; როგორი შურისძიება ვიგრძენი! რომ შემეძლოს ამ მკვლელების პოვნა, როგორ მოვექცეოდი მათ!

როდესაც მის გვამს ვუყურებდი, ნაბიჯების ხმა მომესმა, გამიკვირდა საიდან მოდიოდა ეს ხმა. ყური დავუგდე და მაშინვე მივხვდი, რომ მკვლელი იქვე იყო! ბნელოდა და მინდოდა ხელი მეტაცა მისთვის. როგორც არ უნდა მეცადა მისთვის ხელი ჩამევლო, ვერ ვახერხებდი, რადგან ის უფრო ახლოს იყო ჩემთან და ხელის გაწვდენა არ შემეძლო.

ბოლოს მკერდზე დავიდე ხელი. „ახლა კი ჩემი ხარ“ ვთქვი — ო, არა! ის ჩემს საკუთარ გულში იყო — მკვლელი ჩემს წიაღში იმალებოდა, ჩემი საკუთარი სულის სიღრმეში დამკვიდრებულიყო.

აჰ! მაშინ კი მართლა ავტირდი, რადგან ჩემი მოკლული მოძღვრის თანდასწრებით, მკვლელს ვიფარავ — და თავი უფრო დამნაშავედ ვიგრძენი, როცა მის ცხედართან დავიხარე და ეს სევდიანი საგალობელი ვიმღერე...

„ჩემი ცოდვები, ჩემი სასტიკი ცოდვები,

იყო მისი მთავარი ჯალათები;

ჩემი ყოველი დანაშაული გახდა ლურსმანი,

ჩემი ურწმუნოება კი - შუბი.“

იმ ბრბოს შორის, რომელმაც სასიკვდილოდ გასწირა მაცხოვარი, იყო ზოგიერთი მოწყალე სული, ვისი მწარე ტანჯვა მოთქმას და გოდებას იწვევდა - ამ მწუხარების მარშის შესაფერის მუსიკას.

როცა ჩემი სული წარმოსახვაში გოლგოთისკენ ჯვრით ხელში მიმავალ მაცხოვარს ხედავს, ის უერთდება ღვთისმოსავ ქალებს და მათთან ერთად გოდებს; ჭეშმარიტად არსებობს გლოვის მიზეზი; მიზეზი, რომელიც გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე იმ მგლოვიარე ქალებს წარმოედგინათ.

ისინი გლოვობდნენ შეურაცხყოფილ უმანკოებას, დევნილ სიკეთეს, სიყვარულს, რომელსაც სისხლი სდიოდა, მომაკვდავ თვინიერებას --მაგრამ ჩემს გულს აქვს მწუხარებისა და გლოვის უფრო ღრმა და უფრო მწარე მიზეზი.


ჩემი ცოდვებია ის მათრახი, რომელმაც დასერა მისი კურთხეული მხრები და ეკლის გვირგვინი დაადგა მის დასისხლიანებულ შუბლს; ჩემი ცოდვები შესძახოდნენ: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ და მოწყალე მხრებზე ჯვარი დაადეს.

მისი სიკვდილისკენ მიმავალი გზა, მარადიული მწუხარებაა. კმარა; მაგრამ, ის, რომ მე ვარ მისი მკვლელი, გაცილებით მეტი, უსასრულოდ დიდი მწუხარებაა, ვიდრე ცრემლებს შეუძლია გამოხატვა.

თუ კი ქრისტე ჩემთვის მოკვდა - ასეთი უღმერთოსთვის, უძლურისთვის, მაშინ მეტად ვეღარ შევძლებ ცოდვაში ცხოვრებას, არამედ მოწოდებული უნდა ვიყო იმისთვის, რომ მიყვარდეს და ვემსახურო მას, ვინც გამომისყიდა.

არ შემიძლია, უმნიშვნელო წვრილმანად მივიჩნიო ბოროტება, რომელმაც ჩემი საუკეთესო მეგობარი იმსხვერპლა. მე წმინდა უნდა ვიყო მისი გულისთვის.

როგორ შემიძლია ვიცხოვრო ცოდვაში, როცა ის მოკვდა, რათა ცოდვისგან დავეხსენი?

[ჩარლზ ჰ. სპერჯენის ავტობიოგრაფიიდან]

12 views0 comments