იესო ადრე დგებოდა: რას ამბობს დილა ჩვენ შესახებ


„იესო სად არის? “ -- ის წასული იყო და პეტრეს ეტყობოდა, რომ პანიკის ზღვარზე იმყოფებოდა.


წინა დღე თითქმის დაუჯერებელი იყო. იესომ კაპერნაუმი, პეტრეს მშობლიური ქალაქი თავდაყირა დააყენა. ეს შაბათი დღე იყო (მარკოზი 1:21). იესო სინაგოგაში ასწავლიდა და ხალხი, ვისთანაც პეტრე გაიზარდა - მისი მეგობრები, ოჯახი, ნაცნობი სახელები და სახეები — ყველა გაოცებული იყო. პირველ რიგში, იესოს სწავლებით. შემდეგ, როცა უწმიდური სულით შეპყრობილი კაცი მიუახლოვდა იესოს, მან უბრალოდ უთხრა: „დადუმდი და გამოდი მოისგან!“ და ბოროტი სული დაემორჩილა მას.


კაპერნაუმი გაოგნებული იყო. იესოს სახელი სულ უფრო ცნობილი ხდებოდა. შემდეგ იესო პეტრეს სახლში მივიდა და მისი სიდედრი სიცხისგან განკურნა.


იმ ნაშუადღევს და საღამოს პეტრეს სახლი მთელი ქალაქის ყურადღების ცენტრში მოექცა (მარკოზი 1:32-33). იესომ მეტი ავადმყოფი განკურნა და ბოროტი სულები განდევნა. ეს უდიდესი დღე იყო პეტრეს ცხოვრებაში, უდიდესი დღე კაპერნაუმის ისტორიაში. ნეტა, ხვალ რა იქნება? ხვალ რა მოხდება?


დილით კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდებოდათ: იესო წასული იყო.


როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა


როდესაც მეორე დღეს პეტრე ადგა და იესო ვერსად იპოვა, მან ხალხი შეკრიბა და ძებნა დაიწყო. კაპერნაუმის შემოვლას ბევრი დრო არ დასჭირვებია და დაასკვნეს, რომ იესო ქალაქში არ იმყოფებოდა, ამიტომ ძებნა უდაბურ მხარეში, უკაცრიელ ადგილებში განაგრძეს, ქალაქგარეთ. იესო სწორედ იქ იპოვეს - განმარტოებული, მშვიდი, კმაყოფილი.


„იესო, რას აკეთებ? ყველა გეძებს“ (მარკოზი 1:37).


მიუხედავად იმისა, რომ ხალხს მეტი სასწაული სურდა, კაპერნაუმში ეს აღარ განმეორდებოდა. მოცემული დროისთვის იესომ იქ უკვე დაასრულა თავისი საქმე. მას გზა უნდა გაეგრძელებინა „სხვა ქალაქებში“, სადაც ასევე უნდა ექადაგა „რადგან ამისთვის მოვედი“ (მარკოზი 1:38). მან დატოვა კაპერნაუმი და სასწაულმოქმედ დიდებას გაექცა იმისთვის, რომ თავისი უწყება სხვაგან ექადაგა.


გარდა ამისა, როგორც 35-ე მუხლში ვხედავთ, მან დატოვა ქალაქი რათა ელოცა -- მამასთან განმარტოებისთვის: „განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამით, ადგა, გავიდა და წავიდა უდაბურ ადგილას და იქ ლოცულობდა“ (მარკოზი 1:35).


ის, რაც უნდა გავაკეთოთ


ამ ტექსტში, ბევრად დიდი აზრია ჩადებული ვიდრე ის, რომ იესო ღმერთთან განმარტოების, თანამედროვე „პირადი დროის“ მაგალითს გვაძლევს. თუმცა საუკუნეების მანძილზე ქრისტიანებმა ამაში სიბრძნე დაინახეს. იესო ადრე დგებოდა, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა. ის დილით ადრე დგებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ძილი გაეხანგრძლივებინა, გრძელი, დამღლელი დღის შემდეგაც კი. ალბათ ჩვენც შეგვიძლია, რაღაცა ვისწავლოთ მისგან და გამოვიყენოთ ადრეული დილის შესაძლებლობები.

„როდესაც გაქვთ დიდი საჭიროება, დიდი მოწოდება ან დიდი შესაძლებლობა, ადრე ადგებით და იყენებთ მას.“

წმინდა წერილში, იესო არ არის პირველი, ვინც დილით ადრე დგებოდა. თუ წმინდა წერილში გამოვიკვლევთ ამ თემას, საოცრად დიდ მემკვიდრეობას აღმოვაჩენთ. ხშირად, ადრეულ დილას (ადრე ადგომას) ისტორია შეუქმნია, ეს მნიშვნელოვანი, სამახსოვრო დღეები ყოფილა. წარსულის მსგავსად, დიდი ადამიანები დღესაც ადრე დგებიან როცა საქმე აქვთ გასაკეთებელი. თუ აუცილებელი და მნიშვნელოვანი არაფერია, რისთვისაც უნდა ავდგეთ, რატომაც არ დავრჩეთ საწოლში და გავახანგრძლივოთ ძილი? მაგრამ როცა გვაქვს დიდი საჭიროება ან დიდი შესაძლებლობა ან დიდი მოწოდება ან მნიშვნელოვანი საქმე, რაც უნდა გავაკეთოთ - ადრე ვდგებით და ვემზადებით ამისთვის.


ადრე ადგომის მემკვიდრეობა


ძველი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვან დღეებში აბრაამი ადრე დგებოდა და ელოდა სოდომის განადგურებას (დაბადება 19:27), გაუშვა ჰაგარი (დაბადება 21:14) და უპასუხა ღმერთის მოწოდებას მორიას მთაზე თავის ერთადერთ ძესთან (დაბადება 22:2-3). ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ ადრე ამდგარიყო, ფარაონის წინაშე წარმდგარიყო და ღმერთის ხალხის გაშვება მოეთხოვა (გამოსვლა 8:20; 9:13). მოგვიანებით ის ადრე ადგა და აღნიშნა აღთქმა, რომელიც ღმერთმა თავის ხალხს დაუდო სინაის მთასთან (გამოსვლა 24:4; 34:4). მოსეს მოწაფემ, იესო ნავეს ძემ, განაგრძო ადრე ადგომის მემკვიდრეობა და მდინარე იორდანე გადაკვეთა (იეს. ნავ. 3:1), აიღო იერიქონი (იეს. ნავ. 6:12, 15), აღმოაჩინა მოღალატე (იეს. ნავ. 7:16) და მოიპოვა გამარჯვება დამარცხების შემდეგ (იეს. ნავ. 8:10).


გედეონი ადრე ადგა და აირჩია 300 კაციანი ჯარი, რომელიც შემდეგ მიდიანელებს შეებრძოლა (მსაჯ. 7:1). როდესაც სამუელ წინასწარმეტყველმა გაიგო, რომ ღმერთმა უარყო ისრაელის პირველი მეფე, ის ადრე ადგა და საულს დაუპირისპირდა (1 მეფეთა 15:12). ასევე, ახალგაზრდა დავითი, შემდეგი ცხებული, ადრე დგებოდა იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე მყოფი ძმები მოენახულებინა, სადაც ბოლოს ის გოლიათს დაუპირისპირდა (1 მეფეთა 17:20).


რის გამო დგებით ადრე?


როდესაც ღმერთის სული მისი რჩეული ინსტრუმენტების მეშვეობით გელაპარაკებათ და მტრის მოახლოებულ ჯარზე გამარჯვებას გპირდებათ, მომდევნო დილით დიდხანს ვერ დაიძინებთ. იოშაფატის მსგავსად, ადრე ადგებით და მტრის შესახვედრად გამოხვალთ წმინდა სამოსში გამოწყობილ მგალობელთა გუნდის თანხლებით (2 ნეშტთა 20:20-21).

ეროვნული გამოღვიძების დაწყებისას, როცა ლიდერები იკრიბებიან, რათა წმინდა თაყვანისცემა განაახლონ, თქვენ არ დაიგვიანებთ. ხიზკიას მსგავსად, დილაადრიანად ადგებით და ერთად შეიკრიბებით და უფლის საქმეს გააკეთებთ (2 ნეშტთა 29:20). როდესაც გადასახლების შემდეგ, ხალხი ღმერთის სიტყვის და მისი განმარტების მოსასმენად შეიკრიბა, თქვენ მოგვიანებით არ დაელოდებით და არ დაუშვებთ, რომ სხვა საზრუნავებმა ამაში ხელი შეგიშალონ. ეზრას მსგავსად, დილიდან დაიწყებთ და შუადღის სიცხემდე გააგრძელებთ (ნეემია 8:3).


მოკლედ, როდესაც რაღაცა ნამდვილად მნიშვნელოვანია, ამის გამო ადრე ვდგებით. როცა ხვალინდელი დღე რაღაცას გვპირდება ან ძალიან ვღელავთ რამეზე (4 მეფეთა 19:35; ესაია 37:36), ამ დროს ადრე ვდგებით და ვუპირისპირდებით. ჩვენ ვდგებით და „ადრე ვიწყებთ“ (1 მეფეთა 29:10-11) ხანგრძლივ მოგზაურობას(დაბადება 31:55; მსაჯ. 19:5, 8-9; 1 მეფ. 1:19). კარგი მეფეები და ჯარები ადრე ემზადებიან ბრძოლისთვის (4 მეფ. 19:35; ესაია 37:36). კაცები ადრე დგებიან და გადაუდებელ პრობლემებს აგვარებენ (დაბ. 20:8) და მნიშვნელოვან აღთქმებს დებენ (დაბ. 26:31). ჩვენი სულიერი წინაპრები ადრე დგებოდნენ ქვეყნის დასაპყრობად (რიცხ. 14:40), დილაადრიანად ამოწმებდნენ საწმისს (მსაჯ. 6:38), მინდორში სამკალად მიდიოდნენ (რუთი 2:7).


ისინი ადრე დგებოდნენ სალოცავად. „გარიჟრაჟამდე ვდგები და ვღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული” (ფსალმუნი 118:147). „განთიადზე გესმის შენ ჩემი ხმა, განთიადზე ვამზადებ ჩემს მსხვერპლს და გელოდები” (ფსალმუნი 5:4). ტკივილის და დეპრესიის მიუხედავად 87-ე ფსალმუნში ჰემან ეზრახელი არ არის იმდენად სასოწარკვეთილი, რომ საწოლიდან ადგომა ვერ შეძლოს: „მე კი, უფალო, შენ გევედრები, განთიადისას ჩემი ლოცვა წინ გეგებება“ (ფსალმუნი 87:14).


ოდესმე თუ გიფიქრიათ, რის გამო ხართ მზად ადრე ასადგომად?


დილის საუბრები


ის, რასაც დილით პირველ რიგში ვაკეთებთ, დროთაგანმავლობაში ბევრს ამბობს ჩვენს ნამდვილ პრიორიტეტებზე. ზოგადად, ყველაზე მეტი ენერგია დილაობით გვაქვს, როცა კარგად გამოვიძინებთ და ბოლომდე ვიღვიძებთ.

ვის ან რას ვუძღვნით ყოველი დღის პირველნაყოფებს და ყურადღებას?

დროთაგანმავლობაში ვსწავლობთ, რომ ყველაზე მეტი ენერგია დავუთმოთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – იმას, რასაც ვერ შევასრულებთ განახევრებული ყურადღებით და ენერგიით – იმ მოვალეობებს, რომლებსაც ყოველდღიური ხელისშემშლელი ფაქტორების გამო ვერ გადავდებთ.


ბიბლია გვასწავლის, რომ ტრაგიკულია, როცა ვიღვიძებთ და მივყვებით ცოდვას და კერპთმსახურებას (ესაია5:11; გამოსვლა 32:6). გარდა ამისა, მიუღებელია (და მეზობლებისთვის გამაღიზიანებელი) დილაადრიანადხმაური (იგავები 27:14).

ქრისტიანებისთვის სწორედ ეს არის, რატომაც ადრეული დილა ასე ძვირფასია. სიმშვიდე. სიწყნარე. ეს არის დღის ყველაზე ნაკლებად ყურადღების გამფანტველი, ხელისშემშლელი მონაკვეთი.

„ის, რასაც დილით პირველ რიგში ვაკეთებთ, დროთაგანმავლობაში ბევრს ამბობს ჩვენი ნამდვილი პრიორიტეტების შესახებ.“

რა საოცარი დროა, როცა მთელი მსოფლიო დუმს, ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ და უპირატესობა მივანიჭოთ ღმერთის ხმას — და ვუპასუხოთ მას, როგორც იესო პასუხობდა დილის ლოცვაში. როგორი ძვირფასია ეს მომენტები, ვიდრე მსოფლიო გაიღვიძებს და ახმაურდება, მოაგროვოთ ყოველდღიური წილი ღმერთის სიტყვისა სწორედ ისე, როგორც ისრაელიანებისთვის გამზადებული იყო მანანა, როცა ყოველ დილით უდაბნოში იღვიძებდნენ. როცა მისი ხმა არის პირველი, რაც ყოველ დილით გვესმის და ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად ადრე ავდგებით, ის ჩვენს ლოცვას მოისმენს.


ის ადრე დგებოდა


მარკოზის სახარების ბოლო თავი კიდევ ერთი ადრე ადგომით იწყება და ეს კიდევ უფრო მეტად საკვირველია:


„და ერთშაბათს, დილით ადრე, მივიდნენ სამარხთან მზის ამოსვლისას. და ამბობდნენ ერთმანეთში: „ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდან?“ გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო იყო ის ძალიან დიდი.“ (მარკოზი 16:2-4).


ასევე, იოანეს სახარება ყურადღებას ამახვილებს დროზე: „შაბათის მომდევნო დღეს, განთიადზე, როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი აღებულია სამარხიდან“ (იოანე 20:1). გარდა ამისა, ლუკაც ამატებს თავის სიტყვას: „ისინი დილით ადრე იყვნენსამარხთან“ (ლუკა 24:22).


საყურადღებოა, რომ როდესაც იესო მკვდრეთით აღდგა, ის ადრე აღდგა. მას საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. შეუძლებელი იყო ხანგრძლივი ძილი, როცა ახალი ეპოქა იწყებოდა. ის აღდგა მიზნით. ის აღდგა ადრე.


*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „იესო ადრე დგებოდა: რას ამბობს დილა ჩვენ შესახებ“ და გამოყენებულია ნებართვით.


12 views0 comments