თანმიმდევრული ნაბიჯები საეკლესიო დისციპლინისათვის

Updated: Oct 6, 2021

საეკლესიო დისციპლინა გასაგები ხდება მაშინ, როდესაც აცნობიერებთ, თუ რა არის ეკლესია. ეკლესია რომ შენობა იყოს, დისციპლინაში ნაგულისხმევი იქნებოდა უძრავი ქონების უკეთ მართვა. ეკლესია რომ მხოლოდ დაწესებულება იყოს, დისციპლინა დაკავშირებული იქნებოდა ორგანიზაციულ რესტრუქტურაზაციასთან. ეკლესია რომ ყოველკვირეული გადაცემა იყოს, დისციპლინისათვის საჭირო იქნებოდა ღონისძიების დაგეგმვა.


მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე გვეხმარება ეკლესიაში მსახურების გამოცდილების მიღებაში, ახალ აღთქმაში მკაფიოდ ვხედავთ, რომ ეკლესია, თავისი არსით, არის ხალხი, მრევლი, რომლის მახასიათებელიც გახლავთ მიძღვნა ქრისტესა და ერთმანეთისადმი. მაშასადამე, როდესაც ბიბლიაში საუბარია საეკლესიო დისციპლინის შესახებ, ამაში იგულისხმება სულიერი ზრუნვა ადამიანებზე. საეკლესიო დისციპლინა პროცესია, რომლის მეშვეობითაც ეკლესიის წევრები იცავენ ერთმანეთს ცოდვის სიცრუისაგან და ინარჩუნებენ სახარების ჭეშმარიტებას.

საეკლესიო დისციპლინა, მნიშვნელოვანწილად, არაფორმალურია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქრისტიანები ერთმანეთს სიყვარულით ელაპარაკებიან ჭეშმარიტების შესახებ და ერთმანეთს სახარების მადლზე მიუთითებენ. მიუხედავად ამისა, ამ ცოდვით დაცემულ ქვეყნიერებაზე მხოლოდ არაფორმალური დისციპლინა საკმარისი ვერ იქნება. იქნება შემთხვევები, როდესაც ეკლესიის წევრები უარს იტყვიან მონანიებაზე და გააგრძელებენ ცოდვის გზაზე სვლას. სწორედ ასეთი შემთხვევებთან დაკავშირებით გვაძლევს იესო მითითებებს საეკლესიო დისციპლინისათვის.

„ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი. ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი.“ -- მათე 18:15-17

ნაბიჯი #1: ესაუბრეთ პირადად


ყველაფერი იწყება პირადი მხილებით (მათე 18:15).

როგორც ზემოთ იქნა ნახსენები, ეს რეგულარულად ხდება ეკლესიის ცხოვრების ყველანაირ კონტექსტში. ეკლესიის წევრი, რომელმაც იცის მოუნანიებელი ცოდვის შესახებ, უნდა მივიდეს ცოდვის ჩამდენთან და სიყვარულით მოუწოდოს მას მონანიებისკენ. ჭორების გავრცელების და დაყოფათა ხელშეწყობის ნაცვლად, იესო უბრძანებს მორწმუნეს, რომ თავდაპირველად, შემცოდეს ესაუბროს მაშინ, როცა „მარტონი იქნებიან ორივენი“. ღვთის მადლით, ძალიან ხშირად ეს გახლავთ საშუალება, რისი გამოყენებითაც ღმერთი მონანიების სურვილს აღძრავს თავის მორწმუნეებში.

მაგრამ, რა ხდება მაშინ, თუ თავდაპირველი მხილება უარყოფილია? როგორია ამ არაფორმალური ნაბიჯის შემდგომი ქმედება? მიუხედავად იმისა, რომ დეტალები განსხვავებული შეიძლება იყოს, რაც ეკლესიასა და გარემოებებზეა დამოკიდებული, ქვემოთ ჩამოთვლილია ხუთი ნაბიჯი, რომელიც ეკლესიის ხელმძღვანელებმა უნდა გადადგან საეკლესიო დისციპლინის პროცესში:

ნაბიჯი #2: : წაიყვანეთ ერთი ან ორი კაცი (მათე 18:16).


მომდევნო ნაბიჯი აფართოებს ამ საქმეში ჩართულ ადამიანთა წრეს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს მთელი ეკლესიის ჩართულობას. იესო მიუთითებს ეკლესიის წევრებს, რომ ერთი ან ორი ადამიანი წაიყვანონ თან შემცოდის სამხილებლად. იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის უხუცესებმა უკვე იციან მომხდარის შესახებ, მართებული იქნება, თუკი ერთ-ერთი უხუცესი წაჰყვება ეკლესიის წევრს შემცოდის სამხილებლად.

ასევე, შეგიძლიათ წაიყვანოთ ეკლესიის სხვა წევრი, მაგალითად, სანდო მეგობარი, რომელიც შემცოდეს შეაგონებს. იდეალური იქნება, თუკი მეორე ნაბიჯით გათვალისწინებული მოქმედება იქნება პირადი შეხვედრა, თუმცა ზოგიერთ სიტუაციაში უნდა დასჯერდეთ სატელეფონო საუბარს, ხმოვან შეტყობინებას ან მიმოწერას.

ამ დროს, საქმეში ჩართულმა ადამიანებმა უნდა შეაფასონ შემცოდის პასუხი და განსაზღვრონ, თუ დაინახეს მასში ნამდვილი, ურყევი მონანიების მოწმობა. რასაკვირველია, მხილება ადამიანის სრულყოფას კი არ ისახავს მიზნად, არამედ იმას, რომ უბიძგოს შემცოდეს, შეინანოს ცოდვა და ჩაეჭიდოს ქრისტეს, რაც თავის დამდაბლებასა და ბრძნული რჩევის გათვალისწინებაში გამოვლინდება. ბევრ შემთხვევაში, ამ ნაბიჯის გადადგმას შეიძლება კვირები, თვეები, ან კიდევ უფრო დიდი ხანი დასჭირდეს. ხშირად ღმერთი სწორედ ამ დროს აღძრავს ადამიანში მონანიებისა და შერიგების სურვილს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ამ საქმეში ჩართულ პირთათვის ცხადი გახდება, რომ შემცოდე არ ინანიებს გულწრფელად და ამიტომაც, ქრისტეს მითითებათა გათვალისწინებით, ეკლესიამ შემდეგი ნაბიჯი უნდა გადადგას.

ნაბიჯი #3: ხელმძღვანელებს ან უხუცესებს უთხარით არსებული სიტუაციის შესახებ

მეორე ნაბიჯის გადადგმამდე ან მის წინ, ქრისტიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ რამდენიმე უხუცესი ან ეკლესიის სხვა ხელმძღვანელები (მაგალითად, მცირე ჯგუფის ხელმძღვანელი) ჩართოს ამ საქმეში.

ეს შეიძლება დაიწყოს საუბრით, მაგრამ საბოლოოდ, უხუცესებმა ოფიციალური ბრალებები უნდა მოისმინონ (მაგალითად, შეიძლება უხუცესებმა მოითხოვონ, რომ ბრალდებანი წერილობითი ფორმით წარედგინოთ ან შესაძლოა, თავად შემცოდე მოიწვიონ შეხვედრაზე).

მათეს სახარების მე-18 თავში ქრისტე არაფერს ამბობს უხუცესთა მონაწილების შესახებ, თუმცა მოციქულთა მიერ უხუცესთათვის მინიჭებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით (რის შესახებაც წმინდა წერილის სხვა მონაკვეთებში ვკითხულობთ), გასაგები ხდება, რომ, გარკვეულ დროს, უხუცესებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა საეკლესიო დისციპლინის პროცესში. უფრო რთულ სიტუაციებში, აუცილებელი იქნება, რომ უხუცესები უფრო ადრე ჩაერთონ საქმეში, ვიდრე მოგვიანებით.

ეკლესიის ხელმძღვანელობას ეკისრება პასუხისმგებლობა იმისა, რომ აწონ-დაწონოს ბრალდებათა ბუნება. კონკრეტულია, თუ არა ცოდვა და საკმაოდ სერიოზულია, თუ არა ის იმისათვის, რომ საეკლესიო დისციპლინით გათვალისწინებული მომდევნო ნაბიჯი გადაიდგას? არსებობს თუ არა შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც ცნობილი უნდა იყოს მამხილებელი წევრისათვის? უმჯობესი ხომ არ არის, რომ ეკლესიის სხვა წევრები ესაუბრონ შემცოდეს? როგორ ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ზიანი მიაყენა შემცოდემ? ეკლესიის წინამძღოლები უნდა დაფიქრდნენ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და ლოცვის თანხლებით დამწყემსონ ისინი, ვინც მონაწილეობას მიიღებენ ამ პროცესის მომდევნო ნაბიჯებში.

ნაბიჯი #4: შესაბამისი გაფრთხილება მიეცით შემცოდეს

საკითხის გასაჯაროებამდე, უხუცესებმა ოფიციალური კონტაქტი უნდა დაამყარონ შემცოდესთან. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებშია საჭირო, თუკი შემცოდეს მინიმალური კონტაქტი ჰქონდა უხუცესებთან: კომუნიკაციაზე უარი განაცხადა ან უხუცესებმა სხვა პირისგან შეიტყვეს ინფორმაციის უდიდესი ნაწილი. ამ საუბრის მიზანია ბრალდებათა განმარტება და სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატვა. ამის შემდეგაც თუ არ მოინანიებს ადამიანი, აუცილებელია მიეცეს გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, როდის გახდება ეს ამბავი ცნობილი მრევლისათვის. კომუნიკაციის სიცხადისა და სიზუტის საჭიროებიდან გამომდინარე, თავდაპირველი კონტაქტი, შესაძლოა, იყოს წერილობითი, რომელსაც უნდა მოჰყვეს სატელოფონო ზარი ან პირადი შეხვედრა.

უხუცესებმა უნდა გამოთქვან შემცოდესთან შეხვედრის და ამბის მისეული ვერსიის მოსმენის სურვილი, თუ არცერთი მათგანი არ შეხვედრია ამ ადამიანს. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივად ყველა უხუცესთან შეხვედრა აშინებს ადამიანს, შესაძლებელია უხუცესთა მცირე ჯგუფის გაგზავნა მასთან შესახვედრად. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მისცეს ეკლესიის მოუნანიებელ წევრს შესაძლებლობა იმისა, რომ პირადად შეხვდეს უხუცესებს და დარწმუნდეს, რომ არავითარი გაუგებრობა არ არსებობს. ამ ნაბიჯის შემდგომ თუ ცხადი გახდება, რომ გაურკვევლობა არ არსებობს, მაგრამ შემცოდე კვლავ არ ინანიებს, მაშინ უხუცესებმა უკვე მომდევნო ნაბიჯი უნდა გადადგან.

ნაბიჯი #5: უთხარით ამის შესახებ ეკლესიას (მათე 18:17)

ამ ეტაპზე, ქრისტე უბრძანებს მორწმუნეს: „უთხარი ეკლესიას“. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „ეკლესია“ სხვადასხვანაირად განიმარტება სხვადასხვა ადამიანის მიერ, როგორც ჩანს, ქრისტეს ეკლესია ესმის, როგორც მისი სახელით შეკრებილ მოწაფეთა ერთობა (მათე 18:20, იხ. 1 კორ. 5:4). ეკლესია მრევლია. ამ ნაბიჯზე უხუცესებმა უნდა უთხრან ეკლესიას მრევლში მომხდარის შესახებ. საკითხის საჩოთირო ბუნების გათვალისწინებით, უმჯობესია, რომ უხუცესებმა ყოველივეს შესახებ განაცხადონ ეკლესიის წევრთა დაგეგმილი შეხვედრისას და არა საჯარო ღვთისმსახურებისას. უხუცესებმა დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიონ, რა და რამდენი უთხრან მრევლს. მათ ეკლესიას უნდა უთხრან საკმარისი ინფორმაცია, საიდანაც მრევლისათვის ცხადი გახდება მომხდარისა და საეკლესიო დისციპლინის აუცილებლობის შესახებ, თუმცაღა, მათ არ უნდა თქვან იმაზე მეტი, რაც:

1. მომნანიე ადამიანს ეკლესიაში დაბრუნებას გაუძნელებს სირცხვილის გამო, 2. რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ოჯახის წევრებს და რაც 3. სუსტ ცხვრებს დააბრკოლებს.

სიფრთხილისა და სიზუსტის საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგადად, ბრძნული იქნება, თუ უხუცესები/ხუცესები შეადგენენ წერილს, რომელსაც შეხვედრისას წაიკითხავენ, ნაცვლად იმისა, რომ შეეცადონ მომხდარის წინასწარ მოუმზადებლად ახსნას. ზოგიერთ შემთხვევაში, უხუცესებმა შეიძლება ეკლესიის ის წევრი მოიწვიონ მრევლისათვის მომხდარის ასახსნელად, რომელმა წევრმაც უხუცესებს შეატყობინა ბრალდებათა შესახებ. წერილის წაკითხვის შემდეგ უხუცესებმა ეკლესიის წევრებს უნდა მისცენ კითხვების დასმის საშუალება და დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, სთხოვონ პირადად საუბარი. უფრო რთული შემთხვევებისას, უხუცესებმა ეკლესიის წევრებისათვის შეიძლება ჩაატარონ ფორუმი, სადაც ისინი შეძლებენ კითხვების დასმას.

უხუცესებმა ლოცვისკენ უნდა მოუწოდონ ეკლესიის წევრებს, მას შემდეგ, რაც არსებული სიტუაციის შესახებ შეატყობინებენ. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც პირადი ურთიერთობა აკავშირებთ შემცოდესთან, უხუცესებმა უნდა სთხოვონ ესაუბრონ შემცოდეს და ამავდროულად, ილოცონ მასზე. შესაძლოა, უხუცესებმა მრევლს მისცენ საკმარისი დრო იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ მხილების პროცესში.

ეს პერიოდი, შეიძლება, წევრთა მომდევნო შეკრებამდე გაგრძელდეს, ან უფრო დიდხანსაც, თუ საჭირო იქნება, თუმცაღა ზოგიერთ შემთხვევაში, ეკლესიამ შესაძლოა უფრო სწრაფად იმოქმედოს; დაუყოვნებლივაც კი, თუკი დარწმუნებულია, რომ შემცოდე არ ინანიებს (1 კორ. 5:1-5).

ნაბიჯი #6: გარიცხეთ მოუნანიებელი ადამიანი ეკლესიიდან [ჩამოართვით წევრობა] (მათე 18:17)

ყველა წინამორბედი ნაბიჯის შემდეგაც კი, თუ ადამიანი მაინც „არ შეისმენს ეკლესიისას“, უხუცესებმა მრევლს ამის შესახებაც უნდა შეატყობინონ და შესთავაზონ დაისვან მისი ეკლესიიდან გარიცხვის საკითხი. უმრავლესობა თუ თანახმა იქნება, ეკლესიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის ამ ადამიანს აღარ უდასტურებს რწმენის აღსარებას. ეკლესიის წევრებმა ის უნდა მიიჩნიონ ადამიანად, რომელიც ეკუთვნის არა ეკლესიას, არამედ ქვეყნიერებას; ის მათთვის უნდა იყოს, როგორც „მებაჟე ან წარმართი“.

ამის შემდგომ უხუცესებმა ეკლესიის წევრებს უნდა მისცენ მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ურთიერთობა იქონიონ ამ ადამიანთან. საეკლესიოს დისციპლინის მიზანია არ არის ადამიანის შერცხვენა ან ურთიერთობებიდან მოკვეთა, არამედ ურთიერთობა მასთან, როგორც ადამიანთან, რომელსაც სახარება სჭირდება და რომელიც თავს იტყუებს.

ამ გაგებით, მასთან ურთიერთობა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე არაქრისტიან მეგობრებთან, რომლებმაც იციან, რომ არ არიან ქრისტიანები. ეკლესიის წევრებმა ნებისმიერი ურთიერთობა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ მონანიებისკენ მოუწოდონ მას და შეახსენონ სახარების იმედის შესახებ. მათ უნდა გაამხნევონ ის და მოუწოდონ ღვთისმსახურებებზე დასწრებისკენ, ღვთის სიტყვის მოსმენისკენ. მიუხედავად ამისა, მათ თავი უნდა აარიდონ მასთან ჩვეულებრივ ურთიერთობას, თითქოს არაფერი შეცვლილა.

შეხვედრის შემდეგ უხუცესებმა წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნონ იმ ადამიანს მის მიმართ გამოყენებული საეკლესიო დისციპლინის შესახებ და ამასთან, მისდამი სიყვარული და მისი მონანიებისა და განახლების სურვილი გამოხატონ.

უხუცესებმა ასევე თვალყური უნდა მიადევნონ ეკლესიის წევრებს სხვადასხვა გარემოებაში (საკვირაო სკოლის გაკვეთილებზე, მცირე ჯგუფებში და ა. შ.), რათა ნახონ, თუ არსებობს კითხვები ან შეშფოთება მომხდართან დაკავშირებით. საეკლესიო დისციპლინის გამოყენების დრო შეიძლება რთული იყოს ეკლესიის ცხოვრებაში, თუმცა ღმერთმა ეს პერიოდი შეიძლება იმისათვის გამოიყენოს, რომ ეკლესია გაიზარდოს და მოწიფული გახდეს. უხუცესებმა უნდა ბრძნულად დამწყემსონ მრევლი ამ პროცესის განმავლობაშიც და მის შემდეგაც.

დასკვნა

საეკლესიო დისციპლინა უფრო ადვილი იქნებოდა ეკლესია რომ ადამიანებისგან არ შედგებოდეს, მაგრამ იესო არ მოსულა შენობების, დაწესებულებებისა თუ ღონისძიებებისათვის. ის მოვიდა ადამიანთა გადასარჩენად, თქვენნაირ და ჩემნაირ ცოდვილთა გადასარჩენად.

სწორედ ამის გამოა საეკლესიო დისციპლინა შესანიშნავი საჩუქარი. ეკლესია ისეთ ადამიანთა კრებულია, რომელთაც მონანიებისა და რწმენის მეშვეობით მიიღეს ქრისტეს ხსნის იმედი და ერთმანეთს ეხმარებიან დარჩნენ ამ იმედში.

საეკლესიო დისციპლინის უგულებელყოფა ნიშნავს ერთმანეთისადმი სიყვარულის არარსებობას. ამრიგად, თუ ვცდილობთ ქრისტეს მითითებათა დაცვას ეკლესიის სიწმინდესთან დაკავშირებით, ჩვენ ვეჭიდებით სახარების იმედს ჩვენთვისაც და ჩვენს გარშემო მყოფთათვისაც. ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „თანმიმდევრული ნაბიჯები საეკლესიო დისციპლინისათვის“ და გამოყენებულია 9Marks Ministries-ის ნებართვით.


7 views0 comments