დათმე შენი ჭები


ვიღაცამ მომიყვა ისტორია ძმებზე, რომლებიც ცივ სეზონზე გაემგზავრნენ კონფერენციაზე. როდესაც გაყინულ ოთახში შევიდნენ, სადაც რამდენიმე ღამით მოუწევდათ დარჩენა, მაშინვე მიხვდნენ, რომადგილი ფანჯარასთან ყველაზე ცივი იქნებოდა – უეჭველი ორპირი ქარი დაუბერავდა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ერთ-ერთმა თქვა: „ფანჯარასთან მე დავწვები! თქვენთვის ასე აჯობებს!“ ცხადია, ასეთი გადაწყვეტილება ყველასთვის სასიხარულო აღმოჩნდა.


თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც დათმობა მოგიწიათ? დათმობა საკუთარი თავის საზიანოდ დაზოგჯერ ძალიან უსამართლოდ? ისააკს ჰქონდა მსგავსი გამოცდილება ფილისტიმელებთან და თავის ჭებთან დაკავშირებით.

„და გახდა ისააკი მდიდარი კაცი და უფრო და უფრო ივსებოდა ქონებით, და მეტისმეტად გამდიდრდა. და ჰყავდა მას ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.“ – დაბადება 26:13-14

მათ რამდენჯერმე აიძულეს ისააკი თავისი საცხოვრებელიდან გადასახლებულიყო და სამივეჯერ მას ახალი ჭების გათხრა მოუწია, რადგან შურიანმა მეზობლებმა მისი ძველი ჭები თავხედურად მიითვისეს. ამჭების სახელწოდებები მის იმდროინდელ განცდებს ასახავს: ყესეკი ნიშნავს „დავას“, სიტნა – „მტრობას, მტრულ განწყობას“, რეხობოთი – „ფართო ადგილს“.


ისააკის დამთმობი ხასიათი მაკვირვებს. დიდი შიმშილობის დროს წყლის წყაროები ამ რაოდენობის პირუტყვისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა და ახალი ჭების გათხრა მარტივი საქმე არ იყო. თუმცა ისააკი, მიუხედავად მომავალი სირთულეებისა, მზად იყო საკუთარი თავის საზიანოდ დაეთმო ეს სიკეთე. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მის სიკეთეზე არ იყო დაფუძნებული, არამედ უფრო ღმერთის ხასიათის და მისი თვისებების სწორ გააზრებაზე! ისააკს კარგად ახსოვდა უფლის დაპირება კურთხევის შესახებ და ყოველდღიურ ცხოვრებაში სწამდა მისი.


26-ე თავის დასაწყისი მოგვითხრობს, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობა იყო და ისააკი სავარაუდოდ, მდიდარ და კეთილდღეობით სავსე ეგვიპტეში გადასახლებას გეგმავდა. მაგრამ უფალმა წინასწარ იცოდა მისი განზრახვის შესახებ და მიმართა მას სიტყვებით:


„გამოეცხადა მას იქ უფალი და უთხრა: „ნუ ჩახვალ ეგვიპტეში. იმ ქვეყანაში დასახლდი, რომელზეც მე გეტყვი. ხიზნობდე იმ ქვეყანაში და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს მოდგმას მოგცემთ მთელ ამ ქვეყნებს, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაენს.“ დაბადება 26:2-3

გაშვების უნარი იმისაც კი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ღმერთის სიტყვის ნდობას ემყარება, რომ ის არ მიგვატოვებს და არ დაუშვებს, რომ ადამიანი რომელიც მისი ერთგულია გასაჭირში აღმოჩნდეს. როდესაც ვხედავთ, რომ მორწმუნეები ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ, მათმა უიმედობამ და სიხარბემ შესაძლოა ჩვენი გაკვირვება გამოიწვიოს. ისინი ამ დახმარებას ისე იღებენ თითქოს ეს ღმერთის უზრუნველყოფა კი არ არის, არამედ თვითონ უზრუნველყოფენ საკუთარ საჭიროებებს. თითქოს არავისი იმედი არა აქვთ და თუ საკუთარი ძალისხმევით არ მიაღწევენ რამეს, მომავალში სიღატაკისთვის იქნებიან განწირულნი. ისააკი მშვიდად ტოვებდა გათხრილ ჭებს და ცარიელ მიწაზე მიდიოდა, რადგან იცოდა რომ ღმერთის ხელი იყო მასზე და მისი კურთხევის იმედი ჰქონდა.


როდესაც ისააკი ბეერ-შებაყში გადავიდა, იქ მესამე ჭა მიატოვა. შესაძლებელია მან ჩვეულებრივი ადამიანური იმედგაცრუება იწვნია, რადგან შურიანი მეზობლები არ ასვენებდნენ. თუმცა აქაც უფალი პირველივე ღამეს გამოეცხადა მას და მფარველობას და უზრუნველყოფას დაპირდა.


„და გამოეცხადა მას უფალი იმ ღამით, და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი, და ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ და გაკურთხებ და გაგიმრავლებ მოდგმას აბრაამის, ჩემი მსახურის გამო!“ დაბაბება 26:24

ამ ამბავს საოცარი დასასრული აქვს – ღმერთმა დააჯილდოვა ისააკი, რადგან ის უსამართლოდ ხიზნობდა. ეს ორი მოვლენა მოწმობს ღმერთის ერთგულებას თავისი სიტყვის მიმართ – მეზობლებთან შერიგება და ახალი ჭის გახსნა. ფილისტიმელები აქტიურად აკვირდებოდნენ თავის მტერს, მათ თვალს ვერ გამოეპარებოდა ღმერთის თანდასწრების ფაქტი პატრიარქის ცხოვრებაში. მათივე თქმით: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ უფალია შენთან.“ (დაბადება 26:28). მტერმა გამოთქვა სურვილი იმისა, რომ მტრობა მოკავშირეობით შეეცვალა, ხოლო დავა - მშვიდობით – ყველაფერი მეგობრული ნადიმით დასრულდა. იმავე დღეს, მას შემდეგ რაც ახალი მეგობრები შინ დაბრუნდნენ, ისააკის მსახურებმა წყალი იპოვეს, რის შესახებაც სიხარულით აცნობეს ბატონს.

კონფერენციაზე წასული ძმების ისტორია ასევე საინტერესოდ განვითარდა. საღამოს ოთახში დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ ოთახში გათბობა ჩართეს და ფანჯარასთან დაძინების მსურველი ძმა საუკეთესო ადგილზე აღმოჩნდა – ცხელ გამათბობელთან. დანარჩენებს შედარებით ცივი ადგილები შეხვდათ ვიდრე იმედი ჰქონდათ, როცა ცივი ფანჯრიდან მოშორებით დაიკავეს ადგილები. ღმერთთან ახლო ურთიერთობაზე დაფუძნებული დათმობა, მისი უზრუნველყოფის ნდობა აუცილებლად დაჯილდოვდება. დღეს შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმა ახლებურად უნდა გაიაზროს ჩვენი დავები, ჩვენი სიჯიუტე და წინააღმდეგობა. როდესაც უფლის გამო დავთმობთ რაღაცას, ვიქნებით მშვიდობის მოყვარენი და მოქნილნი, მაშინ დავიმკვიდრებთ ისააკის ჭებს და მის ყველა კურთხევას.





*ეს სტატია თარგმნილია რუსულ სტატიიდან „Уступи колодцы“ და გამოყენებულია ავტორის ნებართვით.



20 views0 comments